სახლში გამოკეტა და პროსტიტუციაში ჩააბა: საქართველოში უცხოელს 12-წლიანი ციხე მიუსაჯეს

ბოროტმოქმედმა სამ მსხვერპლს პასპორტები ჩამოართვა და მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უცხოელი ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. საქართველოში მათ დახვდათ ბრალდებული და ბათუმის ნაცვლად ზესტაფონში ჩაიყვანა.
„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურაში მსხვერპლების სქესი არ დაუკონკრეტებიათ.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა