თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, და თითოეული გადაწყვეტილება მაქსიმალურად ღია უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა.
„იმისთვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი მთავრობის საქმიანობა ძალიან მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობა მუდმივად უნდა ზრუნავდეს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე.
„ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს. როგორც კობახიძემ განაცხადა, აქაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ყველა თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგების წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.