არანაირი კორუფცია - „ქართულ ოცნებას“ ზაფხულში სათაო ოფისის ახალი შენობა ექნება

„ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ორთაჭალის რაიონში განთავსდება
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის ზაფხულში გადავა ახალ ოფისში, რომელსაც შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იქირავებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან ან კორუფციასთან, განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
10 თებერვალს მმართველმა პარტიამ უარყო არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე პარტიის ახალი ოფისის მშენებლობას ახორციელებს, ასევე ის ფაქტი, თითქოს ოფისის მშენებლობის დოკუმენტები არ ასახავს ხარჯებს და საუბარია ფულის გათეთრებაზე.
„ჩვენ ძალიან კარგ, საკმაოდ შთამბეჭდავ ოფისში გადავალთ უკვე ზაფხულში. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტიის ოფისი შევიძინოთ, ანუ იჯარა-გამოსყიდვის მეთოდით მივიღოთ თუ არა და ბოლო დღეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ დიახ, ეს ასე იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ცდილობს ეს დაუკავშიროს ფულის გათეთრებას, აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, შენობის მფლობელს გარანტია მისცეს, რომ ამ ოფისში იჯარით მაინც შევიდოდნენ. უფრო 90%-ის ალბათობით ოფისს იჯარა-გამოსყიდვით შეიძენენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველ ოფისში ბევრი დარბაზის და ოთახის გადაკეთება მოუწიათ იმის გამო, რომ პარტიულ მიზნებზე და მათ სამსახურებს მორგებოდა.
მმართველი პარტიის ახალ ოფისზე ინფორმაცია პირველად გაჟღერდა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“.