თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით ადგილზე მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოსა და სამოქალაქო უსაფრთხოებისა დეპარტამენტების ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებიც.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები.