თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მიუღებელია განცხადებები და სპეკულაციები, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა ტრაგედიის პრევენციისთვის, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა. ოთხი ჯგუფი – აჭარაში, სამი – იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე დღემდე მუშაობს.
„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, – განუცხადა შამუგიამ ჟურნალისტებს.
მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და, ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მიმდინარე დღეებში, დაახლოებით, ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გეოლოგები ადგილზე რჩებიან და მონიტორინგი ვითარების დასტაბილურებამდე გაგრძელდება.
„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად, მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები“, – აცხადებს ოთარ შამუგია.
ექსპერტების თქმით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.