თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივ აქტებთან მუშაობისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვას აპირებს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უამრავ მომსახურებას, მათ შორის ყველა დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობას, ჩიპირებული პირადობის მოწმობა, რომელზეც შესაძლებელია ყველა საჭირო დოკუმენტის მიმაგრება და ა.შ.
„გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება.
ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც მოსახლეობას სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომა გაუმარტივდება.
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებსა და სისტემებს „იფიქრონ“ და „გამოიტანონ დასკვნები“ ისევე, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ. ხელოვნური ინტელექტი იყენებს ალგორითმებს, მათემატიკურ მოდელებს და მონაცემთა ნაკრებებს, რათა ამ მონაცემების საფუძველზე „ისწავლოს“ და „მიიღოს გადაწყვეტილებები“.