მომხმარებელთა უფლებების დარღვევები საქართველოში – კონკურენციის სააგენტოს ახალი მონაცემები

სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის იანვრის თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 60 განაცხადი განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს იმ საკითხების რეგულირებას, რომლებიც საქონლის შეძენა-დაბრუნებას ეხება. 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
„აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1.200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მომხმარებლის სასარგებლოდ, იანვარში პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 27% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ - ქვემო ქართლი 4%, შიდა ქართლი 2% და გურია 2%.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ჰუალინგს“ >>
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 17, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 14, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 14, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 6, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 4, ხოლო სხვა დანარჩენი 5.
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 76%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 2%-ს, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 7%-ს.