თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაბათს იმყოფებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.
7 თებერვალს მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა. მაშველებმა მათი ცხედრები მეორე დღეს იპოვეს.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ტრაგედიის ადგილზე ვიყავით, ვითარებას ადგილზე გავეცანით“, - განაცხადა კობახიძემ.
ექსპერტების თქმით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.