თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7.583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,4 მილიონ ლარზე მეტი, იუწყება საპენსიო სააგენტო.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია.
საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობას, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ის 4,4 მილიარდი ლარი იყო.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.