თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მლნ დოლარის ღირებულების 89,5 მლნ ლიტრამდე ღვინო, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია - ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
უწყების განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა.
„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა - რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.
ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა - 60%, გერმანია - 43%, აშშ - 6%, პოლონეთი - 3%, იაპონია- 1%; მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 ლიტრი სპირტიანი სასმელები - შემოსავლები 41%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით. პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.