„ქართულ ოცნებას“ გაძლიერება სჭირდება - პოლიტოლოგი მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებზე

„ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, მაგრამ თუ „მოდუნდა“, ეს გამარჯვება შეიძლება ვერც მოიპოვოს, მიაჩნია ექსპერტს
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა არა იმიტომ, რომ მის მიმართ იყო პრეტენზიები ან ანტიპათიები, არამედ რათა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაძლიერდეს და არა პირიქით, მოდუნდეს, მიიჩნევს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.
ამის შესახებ მან ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.

„ხშირად გვესმოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან, რომ აი, ოპოზიცია აღარ გვყავს, თითქოს ოპოზიცია „ჩაიფუშა“, თვითგანადგურდა. ამბობდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მოსახვედრად 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს, ჩვენ კი ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვალთო. შეიძლება ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ თუ მოდუნდი, ეს შეიძლება არც მოხდეს", - განაცხადა მამრაძემ.

იმის დასადასტურებლად, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ღარიბაშვილის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა, მამრაძემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზეს.
„ივანიშვილი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ მის გვერდით იყოს ადამიანი, რომლის მიმართაც ექნება პრეტენზია ან რომელიც საზოგადოების თვალში არაკეთილსინდისიერ ადამიანად გამოჩნდება“, - აღნიშნა მამრაძემ.
ექსპერტის აზრით, „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, მაგრამ თუ „მოდუნდა“, ეს გამარჯვება შეიძლება ვერც მოიპოვოს, ან ეს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა - კობახიძე >>
„ისტორია ყოველთვის ამას ამტკიცებს. როგორც კი ხელისუფლება მოდუნდება, ჩათვლის, რომ უკვე „ყველა მტერს“ მოერია, მაშინვე იწყება სტაგნაციის პერიოდი", - მიიჩნევს მამრაძე.
ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროვოკაციები უკვე ამოქმედდა. ვანდალიზმი სამების საკათედრო ტაძარში, მოვალეების ხმაურიანი გამოსახლება და მრავალი სხვა - ეს წინასაარჩევნოდ უკვე დაწყებული პროვოკაციებია.
„აშკარაა, რომ იმ ქალს, რომელმაც ხატს საღებავი შეასხა, კარგად გადაუხადეს, რადგან ჩვენთან ასეთი რაღაცეები ცარიელ ენთუზიაზმზე არ კეთდება, ამას მძიმე შედეგებით მოყვება“, - განაცხადა მამრაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებში.