თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ოთხი პირია მოკლული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი პირი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. რაც შეეხება დაჭრილს, იგი ბრალდებულის ბიძაშვილია. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის, საზარელი მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.
მეორე ვერსიის თანახმად, მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.