თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„ვულოცავ ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას", – დაწერა ჟოზეპ ბორელმა სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.