ჩემთვის არ არის საინტერესო – პრემიერი სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში ჩართვაზე

„ნაცმოძრაობას“ პარტიის შიგნით შეუძლია საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამით მათი რესურსი არ გაიზრდება, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი შიდა საქმეები, მათ შორის, მსჯავრდებულ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მსჯავრდებულმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს.
„ჩემთვის არ არის ეს საინტერესო, თვითონ შეუძლიათ მიიღონ პარტიის შიგნით საკადრო გადაწყვეტილებები, ამით მათ რესურსი ვერ შეემატებათ. ეს აბსოლუტურად მათი შიდაპარტიული საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მოსახლეობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს და პარტია ამ მხარდაჭერის გაზრდაზე მუშაობს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები წინასაარჩევნოდ - 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი. მთავარია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
სააკაშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს?>>
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.