თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ალიევმა კი მას მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხზე.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
რაც შეეხება ალიევს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ხმების 92,12%-ით იმარჯვებს. ასეთ მონაცემებს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 76,43% შეადგინა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.