თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ჰამასის წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც რადიკალურმა მოძრაობამ გუშინ წარმოადგინა.
ამასთან ნეთანიაჰუმ კვლავ დადო ჰამასის განადგურების პირობა და განაცხადა, რომ ისრაელს, „ჰამასის კრახის“ გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენ სრული გამარჯვებისკენ მივდივართ. <...> ეს წლების საკითხი კი არ არის, არამედ თვეებისა. ისრაელში უსაფრთხოებას — როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში — მხოლოდ სრული გამარჯვება აღადგენს“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Reuters-ის ცნობით, ჰამასის მაღალჩინოსანმა სამი აბუ ზუჰრიმ ნეთანიაჰუს განცხადებებს „პოლიტიკური ყოყოჩობა“ უწოდა, რაც ხაზს უსვამს ისრაელის ლიდერის განზრახვას, განაგრძოს კონფლიქტი რეგიონში.
ჰამასის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მოძრაობის წევრები ხუთშაბათს კაიროში გაემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძონ ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებთან.
მანამდე ჰამასმა თავად უარყო ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადება, რომელიც პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეიმუშავეს აშშ-მა, ეგვიპტემ და კატარმა, და რომელიც ისრაელთან იყო შეთანხმებული. 8 თებერვალს მოძრაობამ კონტრწინადადება შესთავაზა ისრაელს, რომელიც 4,5 თვით ცეცხლის შეწყვეტას და ამ პერიოდში ყველა მძევლის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას, ასევე ისრაელის ციხეებში მყოფილი პალესტინელების გათავისუფლებას ითვალისწინებს.