ვინ წყვეტს სააკაშვილის ციხეში გადაყვანის საკითხს? სახალხო დამცველის პასუხი

მსჯავრდებული სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანის საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ვერ გასცემს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე რეკომენდაციას, რადგანაც ამ გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად 25 იანვარს კლინიკაში „ვივამედში“ მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა. ექიმების თქმით, სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა „მყარი დადებითი პროგნოზი"ს გაკეთების საშუალებას. მას აღენიშნება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა და დეპრესია.
„ექიმების დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ", - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მონიტორინგი გაგრძელდება და კონსილიუმი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს.
„აქამდე კონსილიუმი მასტან (სააკაშვილთან - რედ.) სამ თვეში ერთხელ შედიოდა. დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებენ მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, კონსილიუმის მონაწილეობითაც", - განაცხადა იოსელიანმა.
კონსილიუმის წევრთა აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ექიმების დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რჩება დეპრესია>>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკიდან ციხეში - იუსტიციის მინისტრის პასუხი>>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.