თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ ლარს მიაღწევს, შესაბამისი ცვლილებების პროექტი ქალაქის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 763 მილიონი ლარის ოდენობით, თბილისის საკრებულომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. კალაძის თქმით, 2023 წელს მიღებული შემოსავლებისა და გასულ წელს დაწყებული სამუშაოებიდან დარჩენილი თანხების წყალობით, დედაქალაქის ბიუჯეტის კიდევ 200 მილიონი ლარით გაზრდა გახდა შესაძლებელი.
„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომლებიც შედგება გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ცვლილებების შედეგად ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს მიაღწევს", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი ტრანსპორტსა და გარემოს დაცვას მოხმარდება.
რას მოხმარდება თანხები
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით 2024 წელს განხორციელდება.
მიმდინარე წელს მერია იწყებს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცედურას.
„თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ გვქონდა, შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული. წელს გვინდა დამატებით 40 ერთეულიც შევიძინოთ", - განაცხადა კალაძემ.
პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამსახური სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებისთვის 4,3 მლნ ლარს მიიღებს.
სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს დაახლოებით 17 მილიონი ლარი ემატება. მათ შორის არის მუხიანის აგარაკებზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში გახოკიძის ქუჩის სრული რემონტი. მერის თქმით, აღნიშნული ქუჩა სავალალო მდგომარეობაშია, დანგრეულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა.
გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება, რაც გადანაწილდება ვაკის პარკისთვის, სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის, გლდანის ტბისთვის, სხვადასხვა სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოსაწესრიგებლად
გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახური დამატებით 36 მილიონ ლარს მიიღებს. აქედან 10 მილიონი ლარი ვაკის პარკის სარემონტო სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული, 6 მილიონი ლარი ე.წ. სამხედრო ქალაქში პარკის კეთილმოწყობისთვის, 10 მილიონი ლარი - ვერის ორთქლის აბანოს სარემონტო სამუშაოებისთვის, ხოლო 5 მილიონი ლარი - გლდანის ტბას მოხმარდება.
მისი თქმით, წელს მუნიციპალიტეტების გამგეობებს სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 13 მილიონი ლარი დაემატება.
გარდა ამისა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მილიონი ლარი მოხმარდება ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხოლო 5 მილიონი ლარი - დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს.
ამასთან, „თბილსერვის ჯგუფი“ დაახლოებით 37 მილიონ ლარს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მიიღებს, მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად.