საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში

საქართველო ავითარებს თანამშრომლობის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებს სტრატეგიული კავშირების გააქტიურებისთვის
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველომ დიდი სამუშაო გასწია ქვეყნის სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება აქტუალური გახდა უკრაინის კონფლიქტის ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ალტერნატიული უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნების საჭიროება გაჩნდა.
„დღევანდელი კომპლექსური საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგრძნობლად არის გაზრდილი სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება. ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლის დადასტურებას წარმოადგენს 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის „მწვანე“ ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამ შეთანხმებამ საფუძველი ჩაუყარა პროექტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით შავ ზღვაში აზერბაიჯანიდან რუმინეთის მიმართულებით ელექტროკაბელის გაყვანას გულისხმობს.
მთელი მსოფლიოს ინტერესშია - ექსპერტი საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ>>
მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ფორმირებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება.
„შესაბამისად ძალისხმევა მიმართული იქნება ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის ქვენებთან სტრატეგიულ პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მთავრობის სხვა გეგმები
საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის რეალიზებისთვის, მთავრობა გეგმავს ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ფინანსური ჰაბების სისტემების განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რკინიგზის მოდერნიზაციას და მთავარი სატრანსპორტო არტერიების რეკონსტრუქციის დასრულებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთს.
შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა - ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმის მთავარ თემაზე>>
რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფნის როლის განვითარების ფონზე, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქმიანი და საინვესტიციო ურთიერთობები, ასევე ყურადღება დაუთმოს ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე უსაფრთხო და კომფორტული წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საქართველო გეგმავს იმ ქვეყნების სიის გაფართოებას, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობა განხორციელდება, და ყურადღებას დაუთმოს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საქონელბრუნვის გაიოლებას ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების შედეგად.