თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და სკოლის ბუღალტერი დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.
უწყებოს ცნობით, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.
გამოძიების მიხედვით, აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე ზედმეტად ჩარიცხეს ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა 2022-2023 წლებში სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და 362-ე (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა