თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის პერიოდში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, ომბუდსმენი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
„სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას“, - აღნიშნავენ აპარატში.
თბილისში ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი ოჯახის გამოსახლების საკითხი მოექცა. ერთ-ერთი იყო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც გამოსახლების პროცესი 23 იანვარს ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 პირი დააკავეს - 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებისთვის დაკავებული სამოქალაქო აქტვისიტები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს იმიტომ, რომ ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. მოგვიანებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი თვის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
რაც შეეხება მეორე ოჯახს, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი აღსრულების ბიურომ გადადო.
უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი. ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის.
როგორც 48 წლის მარიამ კაკიაშვილმა განაცხადა, მან თანხა კერძო მევახშისგან 2014 წელს იპოთეკის ხელშეკრულებით ისესხა. შემდეგ კი ამ ვალის გადაფარვის მიზნით, ისევ მევახშისგან ისესხა 16 ათასი დოლარი. იმის გამო, რომ თანხა ვერ გადაიხადა, ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და იმ ადამიანმა იყიდა, ვისი ვალიც კაკიაშვილს იმ დროს ჰქონდა.
მოვალეები საქართველოში
საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მწვავედ დგას სასესხო მოვალეების პრობლემა, რაც მოსახლეობის უმრავლესობის დაბალ შემოსავლებს და წარსულში სესხის აღების სიმარტივეს უკავშირდება.
სამომხმარებლო სესხების საკითხი 2020 წელს მოგვარდა, იპოთეკური სესხების გადაუხდელობასთან დაკავშირებით კი მძიმე მდგომარეობაა. ბევრი ოჯახი, რომელმაც წარსულში იპოთეკური სესხი აიღო, ახლაც ვალშია ან ბანკების ან ფიზიკური პირების წინაშე. უფრო მეტიც, კერძო პირების შემთხვევაში სესხის პროცენტი ხშირად რამდენჯერმე აღემატება თავად ვალის ოდენობას.
მოვალეთა ბევრი ბინა გაიყიდა სხვა მესაკუთრეებზე, მაგრამ თავად გამოსახლებას წლები სჭირდება, რადგან აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებით გადატვირთულია.