თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა სოფელ ნერგეეთში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.
უწყების ცნობით, თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რომელთა შორის, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებიც არიან.
ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
სტიქიის ადგილზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
სინოპტიკოსები 8 თებერვლამდე ძლიერ ნალექს, ქარს, თოვლს, ღვარცოფს, ზღვაზე შტორმს, მთიან რაიონებში ქარბუქს და ლიპყინულს პროგნოზირებენ. 8 თებერვლიდან კი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი მატება და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.