ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში

ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სხვა რეგიონებშიც
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის ბოლომდე 245 ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგური ამოქმედდება, 29 ლოკაციაზე კი გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ.
ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის სადგურები აგროვებენ ინფორმაციას დაკვირვების არელაში და სახიფათო პროცესების პროგნოზს მათი ნელი განვითარების შემთხვევაში იძლევა.
„მიმდინარე წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეოსადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები. ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავეა ამ მიმართულებით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა“, - განაცხადა შამუგიამ.
გარდა ამისა, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.
„მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, - განაცხადა შამუგიამ.
ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, კახეთში, იმერეთში, მთიან აჭარასა და გურიაში.
რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების კუთხით >>
2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი დოლარს შეადგენს.