ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი ეტაპია - პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა

ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაზე საუბრისას ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და დიასპორის წარმომადგენლებს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ეს არ იქნება მარტივი არჩევნები... ახლა გადამწყვეტი ეტაპია ჩვენს ისტორიაში. და ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც არჩევნების გზით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი - მივცეთ ხმა მართვის ახალ მოდელს, ახალ ეკონომიკას, ანუ ახალ ევროპულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას..
ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაზე საუბრისას ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. მისი თქმით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ხელისუფლებას შორის არ არსებობს გამყოფი ხაზი, სასამართლოს აკონტროლებს პარტიის ერთგული კლანი და ზოგადად, მთელი ძალაუფლება ერთ ხელშია კონცენტრირებული.
„თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთონ მომავალ არჩევნებში. აქტიური ჩართულობა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. და თუ დღეს წყდება ქვეყნის მომავალი, ამ მომავლის შექმნაში მონაწილეობა უკვე დანაშაულია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები. დროულად გაიარეთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში მოითხოვოთ ახალი საარჩევნო უბნების შექმნა, რაც კანონით გეკუთვნით და ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითზე მოითხოვოთ არჩევნების დღეების რაოდენობის გაზრდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
არჩევნები საქართველოში – რა ფორმატში ჩატარდება კენჭისყრა საზღვარგარეთ?>>>
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ქართული დიასპორის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არალეგალებისთვისაც კი საფრთხეს არ წარმოადგენს. პირადად მე ვიქნები თქვენი ხმის მიცემის უფლების დამცველი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა არჩევნებში ახალგაზრდების როლზე.
„თქვენი მონაწილეობა იქნება გადამწყვეტი. ეს თქვენი ქვეყანაა შესანიშნავი წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით. იგი არავის დაუტოვოთ. გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების უპრეცედენტო აქტიურობამ განსაზღვრა არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, ცესკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის საარჩევნო უბნებს სხვა სახელმწიფოებში არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში, ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა.