საზღვარი დაცულია - რა სიახლეებია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მუშაობაში

მუშაობა მიმდინარეობს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერების კუთხით, განაცხადა გომელაურმა
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სახელმწიფო საზღვრის ეფექტური მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი იქნება, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
„უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერების კუთხით.
„რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერებას, 2023 წელს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოებში მოეწყო ელექტრონული დაკვირვების სისტემები, გაუმჯობესდა მესაზღვრეების შეიარაღება. აქტიურად ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონაში და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს საზღვრებზე მდებარეობს 10 სასაზღვრო პუნქტი, რომლებიც ფარავენ როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საზღვარს.