საქართველო კვლავ აღკვეთავს სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ხელისუფლებაში სისტემატურად აცხადებენ, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვაზე მუშაობა 2024 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამასთან საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
„საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში, 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა”, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუდმივი კოორდინაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიმოცვლა.
„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1.780 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის ათასზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება”, - განაცხადა ხუციშვილმა.
საბაჟო დეპარტამენტი სანქციების კონტროლს ამჟამად ახორციელებს 36 რისკის პროფილის მეშვეობით, დასძინა მან.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.