თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა დღეს, 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს, სადაც თქვა, რომ მას მამა ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მომხდარის გამხელის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“