როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ხიდის მშენებლობის დასრულება 2024 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები ძლიერი ქარის დროს ჩერდებოდა, პროექტის დასრულების თარიღმა კი აპრილისთვის გადაიწია. ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს ოთხი ზოლი ექნება.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის - ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას", - განაცხადა კალაძემ.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. უახლოეს პერიოდშიმოეწყობა მოაჯირები. ბოლო ეტაპზე კი სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.
პროექტის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. ხიდი 532 მეტრი სიგრძის იქნება.