თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სპეცსამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ოდესიდან ვორონეჟში გადაზიდვის მცდელობა აღკვეთა, დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 19 იანვარს ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში შემოიტანეს ელექტრომობილების აკუმულატორით და სასაზღვრო-გამშვები პუნქტ „დარიალის" გავლით ვორონეჟში ჩატანას გეგმავდნენ.
სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთა გატანასაც ტრანზიტული კონტეინერით ცდილობდნენ, ქართულმა მხარემ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ამოიღო. სუსმა დაადგინა, რომ ორგანიზატორი წარმოშობით ბათუმელი, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატობის კანდიდატი ანდრეი შარაშიძე იყო.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 15-წლამდე.