თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.
წყალმომარაგების მოძველებული სისტემა რუსთავის მთავარ პრობლემად რჩება, რაზეც ქალაქის მერია აქტიურად მუშაობს მოსახლეობის შეუფერხებელი წყალმომარაგების მიზნით.
კომპანია „ჯი-ვი-პიმ“ „სემეკსა“ და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტის ფარგლებში 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო.
18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
„ჩვენ შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის, ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები“, - განაცხადა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე აქტიურ მონიტორინგს განაგრძობს.
„დღეს განვიხილეთ 2024 წლის საინვესტიციო პროექტები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ის დაუმტკიცა, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება“, - განაცხადა ნარმანიამ.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი.
„რუსთავისთვის 2022-2023 წელი იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები, ზედმიწევნით იყოს დაცული და GWP-იმ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების სრულად დაცვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ბოლო მონაცემებით, რუსთავში 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.