„ქოლ-ცენტრების“ საქმე: შვიდივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას, განაცხადეს პროკურატურაში
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა მიმალვის და დანაშაულის გამეორების საფრთხე.
რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, ისინი ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საქართველოს პროკურატურა ახალ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებზე გავიდა? >>
დაკავებულებს ბრალდება წარდგენილი აქვთ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.
ქოლცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.
„ქოლ-ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა>>
აღნიშნული გზით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითიც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ 2021-2024 წლების პერიოდში დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით.
ქოლ-ცენტრების" საქმე
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა
ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.