თბილისი, 4 თებერვალი— Sputnik. 2023 წელს საქართველოში 54,2 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 0,5%-ით შემცირდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 64,9%.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2023 წელს დაახლოებით 14,9 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 55,2%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 6,2 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 93,6%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 4,1 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 86,4% გახსნილია.
გარდა ამისა, ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულების ხუთეულში შედის მუქარა (4 ათასი ფაქტი) და სატრანსპორტო დანაშაული - 2,6 ათასი ფაქტი.
შსს-ს მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში დარეგისტრირდა 72 მკვლელობა, აქედან 35 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი; 320 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 204 – გაუპატიურება, 75 - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 15 – ადამიანებით ვაჭრობა, მძევლად აყვანის ერთი შემთხვევა და 14 ტერორიზმის შემთხვევა.