თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ გამოძიებას აწარმოებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორაციით, სამსახურმა გამოძიება ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც ასოციაციის თავმჯდომარეს მათი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
„საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საუბარია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მანამდე, 2023 წლის გაზაფხულზე, „საქპატენტმა“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მიღებული შემოსავლების მიუხედავად, ასოციაცას ავტორების წინაშე მრავალმილიონიანი ვალდებულებები აქვს დაგროვილი, ხოლო მისი ხელმძღვანელი გიგა კობალაძე შეუსაბამოდ მაღალ თანამდებობრივ გასამრჯელოს იღებს.