თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი შენობა ფუნქციურად და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და არ შეცვალოს არსებული ლანდშაფტი უნივერსიტეტის I და II კორპუსების ტერიტორიაზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსში მოეწყობა სტუდენტური სივრცეებიც.
ახალი შენობის პროექტირებაზე კონკურსი უკვე დასრულდა - არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ წარმოდგენილი რვა პროექტიდან საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოს.
რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები, გაცნობისა და შეფასების მიზნით, თსუ-ის პირველ კორპუსში 31 იანვარს გამოიფინა.
ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.