საქართველოს პროკურატურა ახალ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებზე გავიდა?

საქმე ტრანსნაციონალურ დანაშაულს ეხება.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლ-ცენტრების სისხლის სამართლის საქმეს.
„პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ისანში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში მიმდინარეობს.
ქოლ-ცენტრების" საქმე
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს>>
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა
ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.