როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა: ბოლო მონაცემები

ექსპორტის ზრდამ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 9,1% შეადგინა, იმპორტის – 14%, ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წელს 7% შეადგინა, 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების და ენერგეტიკის სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
ექსპორტის ზრდამ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 9,1% შეადგინა, იმპორტის – 14%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,1 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 20,2%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
4,6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა.