გახდება თუ არა კახა კალაძე პრემიერობის კანდიდატი - მერის პასუხი

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან 29 იანვარს გადადგა
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრემიერის პოსტს 2025 წლამდე ვერ დაიკავებს, თუმცა არ გამორიცხა დედაქალაქის მერად მესამე ვადით არჩევა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1 თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა. პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი პრემიერის პოსტზე განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
„2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა“.
მთავრობაში მოახლოებული ცვლილებები ოპოზიციისთვის სასიკეთო არაა - კალაძე>>
კახა კალაძე მეორე ვადით 2021 წლის ოქტომბერში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს. მან მიიღო ხმების 55,609%, ხოლო მისმა ოპონენტმა ოპოზიციიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ - 44,391%.
კალაძე მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს.
ვინ გახდება საქართველოს ახალი პრემიერი? კანდიდატურას მმართველი ძალის ყრილობაზე წარადგენენ>>
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პარლამენტს ახალი პრემიერისა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ორი კვირა აქვს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.