თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 1-ელ თებერვალს გაიმართება, რომლის დროსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგენენ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. ახალი პრემიერის სახით „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განიხილება. ახალი პრემიერის კანდიდატურას 1–ელ თებერვალს წარადგენს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.
„1-ელ თებერვალს შედგება ყრილობა, სადაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდება პარტიის ლიდერის პოსტიდან ირაკლი კობახიძის წასვლის თაობაზე. ჩვენ წარვადგენთ მას პრემიერობის კანდიდატად და ირაკლი კობახიძე წარმოადგენს მთავრობის შემადგენლობას. ამის შემდეგ მოხდება მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ეს განახლება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში დადებით შედეგს მოიტანს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში უნდა დამტკიცდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
პარლამენტს ახალი პრემიერისა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ორი კვირა აქვს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.
პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების" ყრილობაზე დასახელდება. ამასთან, პარტიაში ადასტურებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.