უძრავ ქონებაზე ფასები საქართველოში 2024 წელსაც გაიზრდება: ანალიტიკოსების პროგნოზი

ფასების ზრდის მასშტაბურმა ბუმმა ჩაიარა, თუმცა ამ ეტაპზე ფასების შემცირების წინაპირობებიც არ არსებობს, განაცხადეს კომპანიაში.
Sputnik
თბილისი, 30იანვარი – Sputnik. თუ მიმდინარე მოთხოვნა შენარჩუნდება, საქართველოში ფასები უძრავ ქონებაზე 2024 წელს 10%–ით მოიმატებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt& Taggart–ის კვლევაში.
უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, ბაზარი კი კონკურენტულია.
საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, ფასების აგრესიული ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე შემცირების წინაპირობები არ არსებობს.
„გარდა თვითღირებულებისა, ფასებს განაპირობებს მოთხოვნა. თვითღირებულების ნაწილში სიტუაცია დასტაბილურებულია, ფასები ისე აღარ იზრდება. მეორე იყო მუშახელის ხელფასები, რომელიც ჯერ კიდევ მზარდია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მასალებს უფრო დიდი ეფექტი აქვთ თვითღირებულებაზე, ვიდრე ხელფასს, ვფიქრობთ, რომ ამის ეფექტი უფრო ლიმიტირებული იქნება. მესამეა მოთხოვნა, რომლის შენარჩუნების პირობებში ჩვენ ველოდებით ფასების ზრდას 10%-ის ფარგლებში“, – განაცხადა სამყურაშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან კონკურენტულია. ამჟამად დაახლოებით 400 პროექტის რეალიზაცია მიმდინარეობს, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია.
ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა>>
„ბევრი დეველოპერია და არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ბაზრის თუნდაც 10%-ზე მეტი უჭირავს შეთავაზებული ბინების რაოდენობის მიხედვით“, – აღნიშნა სამყურაშვილმა.
2023 წლის 11 თვეში თბილისში 36.283 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე 7,3%–ით ნაკლებია, მაგრამ 12%–ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.