რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი აირჩია

უწყება ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის მედპერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. კლინიკის ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში სარჩელის შეტანას გეგმავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა. პატივს ვცემთ კლინიკის თანამშრომლების სურვილს კომპენსაციებთან დაკავშირებით კოლეგების მხრიდან ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება", - განაცხადა ღუდუშაურმა.

უწყება ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის მედპერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს.
ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ დაწესებულებების სია გამოაქვეყნა, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი დასაქმდება.
ქუჩიდან სასამართლოში: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს სარჩელი შეაქვს>>>
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
ფერაძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ძალიან ავარიულია>>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.