თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირას დამტკიცდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო პოლიტსაბჭოს შეთავაზება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წარადგენს, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა.
„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კვირა დაიწყება ბიუროს სხდომით, რომელზეც დამტკიცდება მთავრობის მოსმენის გრაფიკი, შემდეგ რამდენიმე დღე კომიტეტებში იქნება განხილვა, შემდეგ – ოპოზიციასთან და ბოლოს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წაადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება თანამდებობის დატოვებისთანავე წყდება, მთავრობა კი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას, სანამ ახალი პრემიერი დაინიშნება. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ანუ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.
პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასახელდება. ამასთან, პარტიაში ადასტურებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.