თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. ნატოს ქვეყნები შესაძლოა შენგენის ზონის სამხედრო ეკვივალენტის შემოღებაზე შეთანხმდნენ ალიანსის სამიტამდე, რომელიც ვაშინგტონში ივლისში გაიმართება, იუწყება The Times წყაროებზე დაყრდნობით.
არსებული ცნობით, „სამხედრო შენგენი“ ნატოს სამხედრო პერსონალს საშუალებას მისცემს, პრაქტიკულად თავისუფლად იმოგზაურონ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის უვიზოდ.
როგორც ცნობილი ხდება, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის მასშტაბით „სამხედრო დერეფნების“ შესაქმნელად.
როგორც გამოცემა წერს, ნატოსთვის „სერიოზულ თავის ტკივილს“ დამაბნეველი წესები წარმოადგენს, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გაცვლასა და ტრანსპორტირებას ზღუდავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ გერმანიის სხვადასხვა ნაწილებს შორისაც. როგორც ზუსტდება, ტრანსსასაზღვრო წვრთნები ხშირად „მოითხოვს თავბრუდამხვევი რაოდენობის დოკუმენტაციას, რასაც სამხედრო კრიზისის შემთხვევაში კრიტიკულად დიდ დრო დასჭირდება“.
აღსანიშნავია, რომ ნატოს სარდლობამ „სამხედრო შენგენის“ ინიციატივა 2017 წელს შეიმუშავა, მაგრამ შეთანხმება არ გაფორმებულა. ამ იდეამ ახალი იმპულსი მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ნატოს გეგმები დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს. როგორც კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ალიანსი ყოველთვის მიიჩნევდა რუსეთს „პირობით მტრად, ახლა კი აშკარა მტრად თვლის“.