ნაკლები პოლიტიკური აქტივობა - გია ვოლსკიმ თბილისში ოჯახის გამოსახლებაზე ისაუბრა

ბანკის ვალების გამო ოჯახების გამოსახლების წინააღმდეგ განცხადება საპატრიარქომაც გააკეთა.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კარგი იქნებოდა, ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან ეს სპეკულაციის ფორმას იღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. მოგვიანებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს. ოჯახის მხარდასაჭერად გამოსახლების დღეს აქციაზე შეიკრიბა ათობით ადამიანი - აქტივისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დააკავეს 20 ადამიანი, აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე.
„ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, არის ჩამოყალიბებული, შეთანხმებული და ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან აშკარად სპეკულაციის ფორმას იღებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ხელისუფლებამ მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც ძალიან მკაცრ ჩარჩოებს უქმნის ფულის გამსესხებელ სუბიექტს. დაწესებულია გარკვეული ლიმიტები, რის მერეც გამსესხებელს პროცენტული სარგებლის მოთხოვნა არ შეუძლია და არსებობს მთელი რიგი რეგულაციებია, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
რამდენიმე დღის წინ ბანკის ვალების გამო ოჯახების გამოსახლების წინააღმდეგ განცხადება საპატრიარქომაც გააკეთა.
საქართველოს საპატრიარქო მოვალეთა გამოსახლების შესახებ კანონის შეცვლას მოითხოვს >>
„იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მედიის ცნობით, ხატიაშვილების ოჯახმა 2008 წელს აღებული იპოთეკური სესხი ვერ დაფარა. გადახდები 2013 წელს შეწყდა, რის შემდეგაც ბანკმა სესხი იპოთეკურ ბროკერს გადასცა. ამ შემთხვევაში ოჯახმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამიტომ იპოთეკარმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2019 წელს ოჯახის ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბინა გაიყიდა გარკვეულ იურიდიულ პირზე.
როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, გამოსახლების პროცესი 2018 წლიდან ხუთჯერ გადაიდო.