მედია: კობახიძე პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს შეცვლის

Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ტელეკომპანია „იმედის" ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება, რომლის დროსაც ცვლილებების შესახებ გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.
ვინ ვინ არის?
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. მაშინ ღარიბაშვილი გახდა საქართველოს ისტორიაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური (31 წლის).
2015 წლის დეკემბერში ყველასთვის მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
რაც შეეხება კობახიძეს, იგი 46 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
2016-2019 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.
კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში“ მოსვლამდე მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი.