Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
აპრილისთვის ბილეთის ფასი 831 ლარიდან იწყება.
ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან რეისებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებებით ასრულებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.