თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.
უწყების ცნობით, საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული.
როგორც პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა, საფოსტო მარკას ფილატელური დატვირთვის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - ამ შემთხვევაში, ამით საქართველოს სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულების მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოსა და თეატრის ჩამოყალიბებაში.
„ეს მარკა მკაფიო გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ გვაქვს 100 წლის ისტორიის მქონე თეატრისა და კინოს სასწავლებელი თავისი დიდი და სახელოვანი ტრადიციებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა „საქართველოს ფოსტასა“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.