თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა გამზირის განახლება თვის ბოლომდე მოესწროს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
აკაკი წერეთლის გამზირზე ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. ათი თვის შემდეგ კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს აღდგება.
ადგილზე ათობით ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის გამზირი ნაწილობრივ ღიაა, ამიტომ მანქანების მოძრაობა გაძნელებულია, ტროტუარები გადათხრილია.
17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.
წერეთლის გამზირის რეკონსტრუქციისთვის 28,4 მილიონი ლარი (დაახლოებით 10,4 მილიონი დოლარი) არის გამოყოფილი.