„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა: შსს-მ საქმის დეტალები გაასაჯაროვა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც სენაკში „საქართველოს ბანკის" ფილიალში დანით შეიარაღბული შეიჭრა, პოლიციამ დააკავა, ნათქვამია შეინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პარასკევს საღამოს გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცმა ბანკის ერთ-ერთი მომხმარებლის ჩანთა გაიტაცა, რომელშიც 900 ევრომდე იყო.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.