საქართველო მადრიდში პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

მსოფლიოს ტურისტული სექტორი საქართველოს პოტენციალს ეცნობა.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR-2024-ის სტუმარია, იუწყება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია.
გამოფენა 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე იმყოფება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ტუროპერატორებთან საქმიან ურთიერთობებს აგვარებენ.
„შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ქვეყანას გავუწიოთ პოპულარიზაცია და საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ. შეხვედრები გვაქვს საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიცაა National Geographic, ასევე ავიაკომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან. ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან წარმატებული იქნება და ბევრ საერთაშორისო მოგზაურს მოიზიდავს საქართველოში", - აღნიშნა ომიაძემ.
FITUR-2024 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში. მასში დაახლოებით 9 ათასი კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. მადრიდის ტურისტული გამოფენა ყოველ წელს დაახლოებით 136 ათას სტუმარს იღებს.
გამოფენის ძირითადი თემატური მიმართულებებია დასვენება, ტურისტული მომსახურება, ტურისტული პროდუქცია, ტუროპერატორები, ტურიზმი, აქტიური დასვენება, ტურისტული სააგენტო.