საქართველო არ ეჯიბრება სხვა ქვეყნებს - ოხანაშვილი რეიტინგების თემას შეეხო

არსებობს ობიექტური კვლევები, სადაც ნათქვამია რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველო არ ეჯიბრება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს და ქვეყნის შედარება უკრაინასა და მოლდოვასთან არ შეიძლება, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
კვლევამ, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მიერ ქართული არასამთავრობოების მონაცემებზე დაყრდნობით არის გაკეთებული, აჩვენა საქართველოს ჩამორჩენა უკრაინისა და მოლდოვისგან დემოკრატიის ყველა მაჩვენებლით, შეკრებების თავისუფლების გარდა. მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, მედიის და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ჩათვლით.
„სხვა არაფერს ემსახურება ეს თუ არა იმას, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს მიეცეთ ერთგვარი ანკესი კონკრეტულ თემებზე სალაპარაკოდ, რომ ამ ანკესს წამოეგოს მერე მათივე ტელევიზიების წარმომადგენლობა და მათ შეძლონ საკითხების გაშუქება, თურმე როგორ დაიხია უკან ქვეყანამ კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ ეჯიბრება რომელიმე ქვეყანას (უკრაინას ან მოლდოვას) და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური კვლევები, სადაც ნათქვამია რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას კონკრეტული მიმართულებებით.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობისა და დემოკრატიის სხვა საკვანძო ინდექსების მიხედვით.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.